კალაძე: თუ არაფერი შევცვალეთ, ჰაერი აღარ დარჩება ქალაქში

არის საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით პრიორიტეტულია. ერთ-ერთ მათგანს ტრანსპორტით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება და საცობების მზარდი ტენდენცია წარმოადგენს, განაცხადა თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

“რასაკვირველია, ეს ის პრობლემაა, რომლის ერთი ხელის მოსმით მოგვარება შეუძლებელია, თუმცა ჩვენ ხელთ არსებული რესურსებით, სწორი სატრანსპორტო პოლიტიკით, რომელიც გრძელვადიან შედეგზეა გათვლილი, პრობლემის მოგვარებასა და გადაჭრას შევძლებთ. ქალაქში სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარს აღწევს. მანქანების რაოდენობასაც თუ შევხედავთ, დღეს თბილისში 500 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება. სწორედ ამიტომ, ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა ქალაქში ნაკლებ მანქანას და მეტ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ისახავს მიზნად, რომელიც ყველაზე კომფორტული და სწრაფი იქნება”,ამბობს კალაძე. 

“თუ არაფერი შევცვალეთ, ჰაერი აღარ დარჩება ქალაქში”, აღნიშნა თბილისის მერმა.