ბრიტანული ბრენდი Burberry იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა მას შემდეგ, რაც ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში ჩვენებაზე გამოიტანა ჰუდი, რომლის ყელზე გამონასკვული თოკი ძალიან გავდა სახრჩობელას თოკს. კრიტიკოსებმა სამოსში თვითმკვლელობაზე და ჩამოხრჩობაზე მინიშნება დაინახეს. ჩვენება ახალგაზრდებს, მათ “ხმას და იმედებს“ ეძღვნებოდა. ასე აღწერა კოლექციის იდეა ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა რიკარდო ტიშიმ. ჩვენების შემდეგ მისმა მონაწილე მოდელმა, ლიზ კენედიმ Burberry ინსტაგრამზე სასტიკად გააკრიტიკა:
“თვითმკვლელობა–ეს მოდა არ არის. რიკარდო ტიში და Burberry–ს წარმომადგენლებო, არ მესმის როგორ შეგეძლოთ პოდიუმზე გამოგეტანათ ლუქი ყელზე ჩამოკიდებული სახრჩობელას თოკით“ –დაწერა მოდელმა.
როგორც ირკვევა, მის ოჯახში წარსულში თვითმკვლელობის შემთხვევა მოხდა, რის გამოც გოგონას ამ მოდელმა განსაკუთრებული ემოციები გაუჩინა.
კენედიმ ასევე დაწერა, რომ შეეცადა ჩვენების დროს ორგანიზატორთან დალაპარაკებას, მაგრამ მას არ დაუჯერეს და მოუწოდეს საკუთარი პოზიცია წერილობით დაეფიქსირებინა.
მალევე მას შემდეგ, რაც მოდელმა პოსტი გამოაქვეყნა, Burberry–ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკო გობეტიმ ბოდიში მოუხადა მას და ყველას, ვისაც დიზაინერების გადაწყვეტილებამ უსიამოვნება მიაყენა. მალევე ბოდიში მოიხადა რიკარდო ტიშიმ და დასძინა, რომ მისი გადაწყვეტილება საზღვაო თემატიკით იყო შთაგონებული და თვითმკვლელობაზე და ჩამოხრჩობაზე არ უფიქრია. გობეტიმ განაცხადა, რომ კომპანიისთვის ეს სიტუაცია კარგი გაკვეთილი იქნება.